საქართველოს დღე
მიმდინარე წლის 8 ივნისს, ქ. ჰავანაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ცნობილ შემოქმედებით სივრცეში - La Fábrica de Arte Cubano-ში, LUDI თეატრთან და კუბელ პიანისტ როსა გარსიასთან თანამშრომლობით, გაიმართა ჩვენი ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი სასცენო დადგმა, რომელიც მოიცავდა კუბელი ხელოვანების მიერ ქართული კულტურისა და ისტორიის წარმოჩენას შესაბამისი აუდიო-ვიზუალური მასალის დახმარებით.
დადგმა მიჰყავდა მთხრობელს ქართული მუსიკალური ნაწარმოებების საფორტეპიანო შესრულების თანხლებით, მაყურებლისთვის იხატებოდა ქართული ანბანი, რომელიც დასასრულს დარიგდა დარბაზში.
აღნიშნულის შემდგომ, მოწვეულმა სტუმრებმა ქართული ღვინო დააგემოვნეს, ასევე საშუალება მიეცათ ქართულ სამზარეულოს გაცნობოდნენ.
ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსისა და კუბური საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
